მესამე სექტორის დაფინანსება
თემა, რომელსაც ახლა შევეხებით, წელიწადზე მეტია აქტუალობას არ კარგავს, ვნებათაღელვის მიზეზიც იყო და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქართული რეალობისთვის არაა პრობლემა. საუბარია არასამთავრობო სექტორის თანამედროვე მიზნებსა და დაფინანსებაზე. ვიდრე დღევანდელ მოცემულობაზე ვისაუბრებთ, მანამდე ახლო წარსულში გადავინაცვლოთ. ერთ-ერთი უცხოური ფონდის, კონკრეტულად კი დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი კენ ვოლაკი რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში სტუმრობისას ამბობდა: „თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის“. ოდნავ უფრო ადრე, 2023 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი მიიღო, რომელიც სწორედ მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობის ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. ამ პაკეტის მიღებას წინ უძღოდა კვლევა, სადაც გამოკითხულ ევროპელთა უმრავლესობა დემოკრატიულ სისტემებში უცხოურ ჩარევას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. რა გამოცდილება გვაქვს ჩვენ? გასული წლის მარტის აქციების ვნებათაღელვა სწორედ გამჭვირვალობის კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც „რუსულ კანონად“ მოინათლა, გვაქვს გამოცდილება, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე ჰქონდა პრეტენზია, ანუ მხოლოდ პოლიტიკა კი არ შევიდა მესამე სექტორში, თავად მესამე სექტორიც პოლიტიკოსების ახალი თავშესაფარი გახდა, შესაბამისად რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავისი პირველადი და კლასიკური ფუნქცია გადააკეთა და შეიძლება ითქვას, დაკარგა. ხელისუფლება ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონს აღარ დაუბრუნდება, მაგრამ ვერ შეეგუება არასამთავრობოების სახელით ფარულ პოლიტიკურ ზრახვებს, როგორც ამას ვერ ეგუება თავად დასავლეთი და როგორც აღმოჩნდა სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. ამის დასტურია ევროკომიის მიერ მიღებული კანონი, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამიტომ მმართველი ძალა საერთაშორისო დონორებს ფინანსების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. როგორც წესი, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ჩვენ შემთხვევაში კი ვინ იხდის ფულს ვიცით, მაგრამ რა მუსიკას უკვეთავს ან ნამდვილად ფულის გადამხდელის შეკვეთილი მუსიკაა თუ არა - არ ვიცით. დაახლოებით ამის გარკვევას ცდილობს ხელისუფლება, მაგრამ როგორც თავადვე ამბობენ, ამ დრომდე უშედეგოდ