ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით
ქართული ოპოზიციის ნაწილი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ქვეყნის პროდასავლურობის მედროშე მხოლოდ მათი პოლიტიკური გუნდია, რადიკალურად და შეიძლება ითქვას ზღვარგადასულადაც კი აკრიტიკებს მმართველ ძალას, ქვეყნის ოკუპაციის არასათანადოდ წარმოჩენისთვის, აღარაფერს ვამბობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, რომლის ექსკლუზივიც მათი განცხადებით, მხოლოდ მათ ეკუთვნით. ზუსტად ამ სამი პუნქტის შესაფერისი რეზოლუცია მზადდებოდა მიმდინარე კვირას ბრიუსელში, ევრონესტის სხდომაზე, რომელსაც სწორედ ამ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონდა. აი ასე, არ დაემთხვა ქართული ოპოზიციის სიტყვა და საქმე ერთმანეთს ყველაზე პრინციპულ საკითხებზე. მიზეზად უამრავი და შეიძლება ითქვას, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები დასახელდა. ითქვა, რომ ეს პროექტი მათ არც კი უნახავთ, თუმცა ეს არგუმენტი მალევე გაბათილდა, როცა დელეგაციის ერთმა წევრმა დაადასტურა, რომ ტექსტი მიიღეს და განიხილეს კიდეც, მაგრამ შინაარსი არ აკმაყოფილებდათ. ოდნავ მოგვიანებით ახალი ვერსია გაჩნდა, რომ მმართველმა ძალამ რეზოლუციის დასარეგისტრირებელი 10 ხმა ვერ მოაგროვა. თუმცა როგორ ამსუბუქებს ეს ოპოზიციის არმონაწილეობას, გაუგებარია. დავუშვათ და გავყვეთ ამ ლოგიკას. თუკი რეზოლუციას, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერასა და ოკუპაციის აღიარებას გულისხმობდა, მხოლოდ ათი ხმა სჭირდებოდა და მას უკვე ჰქონდა „ქართული ოცნების“ 5 ხმა, მოლდოვას დელეგაციის 3 ხმა და მხოლოდ ორი ხმა იყო საჭირო, როგორ ინუგეშებს თავს ოპოზიცია იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლებამ ევრონესტის სხდომაზე 10 ხმა ვერ მოიპოვა? გამოდის, რომ რეზოლუციის დასარეგისტრირებელი ორი ხმა სხვა ქვეყნის კი არა, ისევ ქართული დელეგაციის ხელთ იყო. უკვე სამი დღეა ოპოზიცია ამ ვერსიებს ავითარებს, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები ამ არგუმენტების დამაჯერებლობის ხარისხს უფრო აკლებს, ვიდრე რამეს მატებს. დღეს ამ თემას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ ჰქონდეს და რომ ანტილობიზმის ერთგული რჩება
