საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია დღეს დაკრძალეს
საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია, რომელიც 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ოპერის თეატრში გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა. ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან, იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ლამარა ჭყონია ეწეოდა საკონცერტო საქმიანობასაც. 1987-1991 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. ამასთან, ლამარა ჭყონია იყო გლინკას სახელობის, პრაღის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსისა და ასევე სოფიის საერთაშორისო კონკურსის მესამე პრემიისა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი.
