ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა
რა ვიცით ორი კვირის თავზე ლგბტ საკითხებზე პროპაგანდის წინააღმდეგ დაანონსებული ინიციატივის შესახებ: პირველი - ინიციატივა ისევ ინიციატივაა, მეორე - სადისკუსიო სივრცე გახსნილია, მაგრამ ჯერჯერობით მოდისკუსიე ხალხი არ ჩანს. მესამე ოპოზიცია დუმს და ამ დუმილის დირექტივას არასამთავრობო სექტორიდან, კონკრეტულად კი თბილისი პრაიდიდან იღებს. ამასობაში კი თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ნატახტარში ორი დღეა დახურულ შეკრებას მართავენ და ქრონიკის ინფორმაციით სწორედ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ გეგმაზე მსჯელობენ. ქრონიკის ინფორმაციითვე, გეგმა შარშანდელი მარტის აქციების გამეორებას გულისხმობს: რუსული ნარატივის დაბრენდვით, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე აქცენტების გაკეთებით, პედოფილიის თემის გააქტიურებით და იმის მტკიცებით, რომ ეს კანონპროექტი ევროპული მომავლისთვის საფრთხის მომტანი იქნება. ამავე გეგმაში მოიაზრება ოპოზიციის დუმილიც, თუმცა დუმილის დარღვევის შემდეგაც, როგორც ხელისუფლება ვარაუდობს, ქართული ანდაზის არ იყოს, ოპონენტებისთვის ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე ვითარება ისახება. ოპოზიციისთვის ეს გამოწვევაა, მათთვის კი ვინც ინიციატივის მიღებას ემხრობა, ახლა მთავარი საზრუნავია, როგორ იქცეს ინიციატივა კანონპროექტად ისე, რომ არც ერთი მოქალაქის უფლება არ შეიზღუდოს, არამედ დაიცვას ის კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, რომელიც ადამიანის ძირითადი და ფუნდამენტური უფლებების განსაზღვრებას მოიცავს