მოსამართლეთა კლანური ნარატივი
ყოველი მოსამართლე ფიცს დებს საქართველოს კონსტიტუციაზე, კონსტიტუციის მეექვსე თავში კი წერია, რომ: სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. ასევე: მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ქვეყნის კონსტიტუციის პირველი თავი კი ქვეყნის სუვერენიტეტის განმარტებაა. ვინ ვინ და სახელმწიფოს უზენაესი კანონის მთავარი პრინციპები პირველ რიგში მოსამართლეებისთვის არ უნდა იყოს შესახსენებელი, მაგრამ ამ კვირას ხელისუფლებას სწორედ ელემენტარული ჭეშმარიტების გამეორება მოუხდა იმ ცხრა მოსამართლისთვის, რომელიც ვეტინგის სისტემისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ვეტინგი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კი მსაჯულთა შერჩევა სწორედ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის ხარჯზე ხდება, ანუ ყოველი მოსამართლე მანტიის მოსხმამდე ამ ტესტს ისედაც გადის. ამიტომ ცოტა უცნაურია 9 მოსამართლის ჯერ თვითდაეჭვება, მერე კი კონსტიტუციის დარღვევის მცდელობა. ხელისუფლებას კი ეს მცდელობები უცნაურად სულაც არ ეჩვენება, რადგან ამ მოსამართლეების მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. ამ მოტივებს საყოველთაოდ ცნობილი კავშირებიც ამყარებს, რომელიც ამ მოსამართლეებს ყოფილი ხელისუფლების რეპრესიული მანქანის შემქმნელ ჩინოვნიკებთან აქვთ: მათი ერთი ნაწილი უშუალოდ დაკავშირებულია ზურაბ ადეიშვილთან, მეორე ნაწილი ვანო მერაბიშვილთან, მესამე ნაწილს კი სანდრო გირვლიანის მოსამართლის მეუღლეობა და ასევე ნაციონალური მოძრაობის მედიის წამყვანი სახეების ოჯახის წევრობა აკავშირებთ. ეს არის მოტივი, რითაც 9 მოსამართლე ხელმძღვანელობს, ხოლო ნარატივი, რომ ვეტინგი ევროპული პრიორიტეტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციითაა ნაკარნახევი, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მსგავსი რეკომენდაცია არც ერთ ჩანაწერში არ იძებნება. მეტიც, ვენეციის კომისია ამ სისტემაზე უარყოფითი შეფასებებით გამოირჩევა და კონსტიტუციური სუვერენიტეტის დარღვევას რადიკალურ ქმედებად მიიჩნევს