საქართველო-რუმინეთი 43:5
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. რიჩარდ კოკერილის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთი დიდი ანგარიშით, 43-5 დაამარცხა. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩვენს გუნდთან ერთად პირველი ტიტულიც მოიგო. ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასს ისტორიაში მე-18-ედ დაეუფლნენ. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 7 ლელო დაუდეს. მეტოქის ჩათვლის წერტილში ყველაზე მეტჯერ ბურთი აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა, რომელმაც 3 ლელო მიითვალა. ნახევარფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი დავით ნინიაშვილი დაასახელეს. საქართველოს ნაკრებს ანთიმოზ ივერიელის თასი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გადასცა. მატჩზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მან მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ფინალისტის ვინაობა ხვალ პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებაში გაირკვევა