პრემიერმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა
ირაკლი კობახიძემ, საბჭოთა ოკუპაციის დღეზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, 25 თებერვალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი და რამდენად დიდი ბედნიერებაა ის, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მყარად იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. პრემიერმა აღნიშნა რომ საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება. ეს ყველაფერი კი კობახიძის თქმით, შეგვახსენებს თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული, თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება, ცხოვრების უმთავრეს პრინციპად არის ქცეული. მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა 24 თებერვალზეც ისაუბრა, ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა.
