შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა
მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები- პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში 2023 წლის ანგარიში წარადგინა და განვლილი წელი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციის პროპაგანდაში ვლინდება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს რომ რადიკალიზაციის და დეზინფორმაციის მიზანი, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით და არაკანონიერი მეთოდებით, ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა არასამთავრობო სექტორის ნაწილზეც, რომელიც მისი თქმით, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა. ამ ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულ პოლიტიკას, საქართველოს მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. შალვა პაპუაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალას მიმართავს მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციის და კონფრონტაციის, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანების და ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების წელი გახდეს
