მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ობრაიენთან გამართა შეხვედრა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს თავმჯდომარეს, ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურს, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლებს და ევროპელ კოლეგებს.
