ირაკლი ჩიქოვანი თურქეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი თურქეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. რუმინეთის ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულება და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში რუმინეთის აქტიური მონაწილეობა.
