„იმედი“ მიშოს ემშვიდობება
დღეს ტელეკომპანია „იმედისთვის“ განსაკუთრებით მძიმე დღეა. ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს, რომელიც ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა. პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორი, ჩვენი მეგობარი მიშო ბიძინაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „იმედის“ არქივს შემორჩა მისი არაერთი უნიკალური კადრი. მიშო „იმედთან “ და „იმედის კვირასთან“ ერთად, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მაყურებლისთვის გამორჩეულ კადრებს ქმნიდა. მორიგი გადაღება კი მიშოსთვის და კიდევ 2 მფრინავისთვის, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა, როდესაც საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ. საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. მომხდარი ტრაგედიის გამო არხმა საეთერო ბადე დროებით შეცვალა. განსხვავებული ფორმატით გავა საკვირაო გადაცემაც და შემოგთავაზებთ „მიშო ბიძინაშვილის იმედის კვირას“.
