„იმედის“ ოპერატორი ტრაგიკულად დაიღუპა
ტელეკომპანია „იმედისთვის“ მძიმე დღეა. ვგლოვობთ ჩვენი ოპერატორის, მიშო ბიძინაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. გამოძიება საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. საქმეს იკვლევს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც. საჰაერო ბურთი, სადაც „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი ორ მფრინავთან ერთად იმყოფებოდა, სოფელ ასურეთთან გუშინ ჩამოვარდა. სამწუხაროდ, სამივე მათგანი დაიღუპა. პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორი, ჩვენი მეგობარი მიშო ბიძინაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „იმედის“ არქივს შემორჩა მისი არაერთი უნიკალური კადრი. ხომალდის ჩამოვარდის შედეგად ასევე დაიღუპნენ ხომალდის მეთაური და პირველი პილოტი, საქართველოს სამგზის რეკორდსმენი, 19-წლიანი სტაჟის მქონე რევაზ უთურგაური. ასევე ფრენის 13-წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელი კშიშტოფ ზააპარტი. საჰაერო ბურთით ფრენაში ზააპარტი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. მფრინავებს ამჯერად საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ. სითბური აეროსტატი ფრენას ფოთიდან ვაშლოვნის ეროვნული პარკის მიმართულებით ასრულებდა. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება გადაცემა „იმედის კვირა“. ემოციურ წერილს „იმედის კვირის“ გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს
