უკრაინის გამოძიება რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაზე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ომის კანონების დარღვევის მუხლითაა აღძრული. უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ გამოძიების ფარგლებში უკრაინა თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების დასადგენად, კომპლექსურ ღონისძიებებს მიმართავს. საქმეს იძიებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით სამხედრო თვითმფრინავის ყველა ე.წ შავი ყუთი ნაპოვნია და ჩანაწერებს სპეციალისტები უკვე სწავლობენ. მოსკოვის ვერსიით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის არმიამ ჩამოაგდო, ბორტზე კი 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.