პრემიერის შეხვედრა იტალიის ელჩთან
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ახლადდანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.
