თავდასხმა აშშ-ის საავიაციო ბაზაზე
ერაყის დასავლეთით, ალ ასადის ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ცნობას საერთაშორისო მედია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმის შედეგად ერაყის 1 მოქალაქეც დაშავდა. ამერიკელი სამხედროები განმარტავენ, რომ ბაზის მიმართულებით ნასროლი რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს. ბაზაზე თავდასხმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტით შაბათს საღამოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. ერაყში ამერიკულ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა სირიის დედაქალაქზე დარტყმის შემდეგ მოხდა, რომლის შედეგადაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 5 წევრი დაიღუპა.
