შსს-ს განცხადება
ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტი რეგისტრირებულია და საპარლამენტო განხილვის შემდეგ, 1-ლი მაისიდან ამოქმედდება. შსს-ს განმარტებით, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიისა და კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 000 ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები და უმეტეს შემთხვევაში კომპენსაცია ორმაგდება. ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა.
