ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საბჭოს წევრებმა 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით შემოსულობები 102.2%-ით, საგადასახადო შემოსავლები 101.7%-ით, პრივატიზაცია 124.3%-ით, გადასახდელები 100.3%-ით, კაპიტალური ხარჯები კი, 101.2%-ით შესრულდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102.5%-ით ანუ 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა და სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 3 მილიონ 434 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 83.3 მილიონი ლარით მეტია. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზეც. აღინიშნა, რომ ციტრუსის სეზონზე ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის ექსპორტირებულია 33 ათას 800 ტონა, 22 მილიონი დოლარის ციტრუსი. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი. ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9 ათას 900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ 2 მილიონ 474 ათასი ლარი შეადგინა. შეხვედრაზე განიხილეს ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხიც. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს
