ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საბჭოს წევრებმა 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით შემოსულობები 102.2%-ით, საგადასახადო შემოსავლები 101.7%-ით, პრივატიზაცია 124.3%-ით, გადასახდელები 100.3%-ით, კაპიტალური ხარჯები კი, 101.2%-ით შესრულდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102.5%-ით ანუ 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა და სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 3 მილიონ 434 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 83.3 მილიონი ლარით მეტია. ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 354 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმაც გადააჭარბეს 2023 წლის გეგმებს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს. შეხვედრაზე განიხილეს ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხიც. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს
