შობის დღესასწაული
შობა იზეიმეს აჭარაში. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც წირვა მეუფე დიმიტრიმ, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს კახეთის ყველა მოქმედ ტაძარში. განსაკუთრებით ხალხმრავლობა იყო ალავერდის მამათა მონასტერში. სადღესასწაულო წირვა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მეუფე დავითმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციულად ქრისტე შობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შობის დღესასწაული იზეიმეს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად, საშობაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, კი მრევლს ქადაგებით მიმართა. ქრისტეს შობის დღესასწაული იზეიმეს ატენისა და გორის ეპარქიაში. ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. გორში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ლიტურგია ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. მან მრევლს ქრისტეს შობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
