კიბერთავდასხმა უკრაინაზე
რუსი ჰაკერები თვეების განმავლობაში უკრაინის სატელეკომუნიკაციო გიგანტის, „კიევსტარის“ ქსელიდან ინფორმაციას იპარავდნენ. სააგენტო „როიტერს“ უკრაინის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მტრის ჰაკერულმა ქსელმა არაერთი კიბერთავდასხმა მოაწყო, ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა კი 12 დეკემბერს მოხდა. შედეგად, რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად გათიშული იყო უკრაინის მსხვილი მობილური ოპერატორი. ილია ვიტიუკის თქმით მიზანი, რუსი ჰაკერების მიერ სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება იყო. უკრაინის უშიშროების სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ ჰაკერები კიევსტარში შეღწევას 2023 წლის მარტიდან ცდილობდნენ. უკრაინის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა როიტერს განუცხადა, რომ უწყებამ მტრის ჰაკერული თავდასხმების თავიდან ასარიდებლად შესაბამის ზომებს უკვე მიმართა.
