სოფელ ხაიშთან კლდოვანი მასა ჩამოწვა
ზუგდიდი-ჯვარი მესტიის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე, ხაიშის მონაკვეთთან დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო მოძრაობის სრული პარალიზება გამოიწვია. ადგილზე დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა. ჩახერგილი გზის მონაკვეთი მძიმე ლოდებისგან და ჩამოშლილი კლდოვანი მასისგან იწმინდება. საგზაო დეპარტამენტის წარმიმადგენლების ინფორმაციით, ჩამოშლილი მასის მოცულობიდან გამომდინარე, გზის გახსნას რამდენიმე საათი დასჭირდება. სოფელ ხაიშთან კლდოვანი მასა წუხელ, გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან სვანეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტით მოძრაობა მხოლოდ სოფელ ხაიშამდეა შესაძლებელი.
