საახალწლო ღონისძიებები - ახალი წლის დღეები 2024
საახალწლო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძლდება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა ყაზბეგმა. სტეფანწმინდის მოედანზე მისული სტუმრებისათვის მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. საღამო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ყაზბეგის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა. გალაკონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა საახალწლო ღონისძიება ახალციხეში. მოქალაქეების სადღესასწაული განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში კოსტიუმირებულმა გმირებმა, თოვლის ბაბუამ და ადგილობრივმა შემსრულებლებმა იზრუნეს. მოეწყო საახალწლო ბაზრობაც. ახალი წლის დღეები აღნიშნეს გარდაბანშიც. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა გაიმართა. ღონისძიება კონცერტით დასრულდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება ხულოს ცენტრალურ სკვერში, მოეწყო საშობაო ბაზრობა. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები. გაიმართა ორკესტრის მსვლელობაც.
