წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია
საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე წითელი ცირკულარით ძებნილი პირის პოლონეთიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შემდეგ ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა
