შეზღუდვები გზებზე
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა თოვისა და მოყინვის გამო, მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაშური-აწყურის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები განახლდა. ამ მონაკვეთზე მსუბუქი მანქანებისთვის მოძრაობა ისევ აიკრძალა. გაუჩერებლად გავლის რეჟიმით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, ხოლო გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დასავლეთ საქართველოში კი უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ადგილას გაჩერებულია.
