მილიონი პირადი მწვრთნელის ინსტიტუტის განვითარებისთვის
მილიონი ლარი პირადი მწვრთნელის ინსტიტუტის განვითარებისთვის - საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დღეს ახალი პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. თანხა 3 მიმართულებით დაიხარჯება და წინასწარ განსაზღვრული პირობების ფარგლებში განაწილდება, რაც მართვის სისტემურ მიდგომას გაამყარებს. პროექტის მიხედვით, უნდა დაიხვეწოს ჭაბუკებს შორის ტურნირების საშეჯიბრო სისტემა. ტურნირებზე დაგროვებული სარეიტინგო ქულებით შედგენილი ცხრილის მიხედვით პირველიდან-მეორმოცე პოზიციაზე მყოფი ძიუდოისტების პირადი მწვრთნელები ანაზღაურებას მიიღებენ. მიღებული თანხის 70 პროცენტს პირადი მწვრთნელი საკუთარი შეხედულებით განკარგავს, 30% კი მან საკუთარი მოსწავლის წახალისებას უნდა მოახმაროს.
