პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს. ჯოშუა ჰაკმა მთავრობის მეთაურს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
