პრემიერი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და მისი გაძლიერების პერსპექტივა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეიტანოს საქართველომ თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა ლეო დოქერტის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და ლეო დოქერტის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
