ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოზე 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პრემიერის თქმით, ათასამდე ასეთი ოჯახს მთავრობა ბინებს შეუძენს. ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. დღესვე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. პრემიერმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიშიც. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 180 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 121 მილიონზე მეტი. ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობისა და კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბების საკითხები, სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ შუალედური ინფორმაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხიც, ცნობილია, რომ აღნიშნულ კანონზე პირველადი ვერსია უკვე შემუშავებულია და დაინტერესებულ მხარეებთან განხილვები მიმდინარეობს. სხდომაზე განიხილეს სიმძლავრის აუქციონის შედეგებიც. მხარდაჭერის სქემის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი აუქციონი, რომელიც 300 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე გამოცხადდა. უახლოეს პერიოდში იგეგმება მეორე ფაზის გამოცხადება, სავარაუდოდ, 600 მგვტ სიმძლავრეზე
