სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ
ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ სამართლებრივი დავის ახალი გადაწყვეტილება - „კრედიტ სუისი“ ვალდებულია ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, 750 მილიონი დოლარი განათავსოს. თუ გადაწყვეტილება არ შესრულდება დაუყოვნებელი აღსრულების პროცედურა დაიწყება. ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავა თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელშიც ბანკის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკუდრონმა, ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა. სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით, სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ „კრედიტ სუისის“ ბერმუდულ შვილობილს, ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
