პრემიერის შეხვედრა დიპლომატებთან
პრემიერ-მინისტრი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია. პრემიერ-მინისტრმა კი ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და დიპლომატიურ კორპუსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ პროცესში მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან. ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც ესწრებოდნენ.
