ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში
პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს, რომლის თანახმადაც, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების ზრდა ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროპორციულად აღარ მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად დაფინანსდება. შესაბამისად, კანონის მიღების შემდეგ, მაუწყებლის დაფინანსება ქვეყნის მაკროპარამეტრებთან არ იქნება დაკავშირებული, თუმცა მისი ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.
