პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი „გლობალური კარიბჭის“ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა. „გლობალური კარიბჭე” ვროპული სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე ჯანდაცვის და განათლების კუთხით. „გლობალური კარიბჭე” სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 300-ს მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება. „გლობალური კარიბჭე” აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის მობილიზებას, ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სახელწოდებით „სატრანსპორტო დერეფნები”, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.
