აზერბაიჯანის ანტიტერორისტული ღონისძიებები მთიან ყარაბაღში
აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ატარებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 19 სექტემბერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული სადაზვერვო ჯგუფების მიერ დამონტაჟებულ ნაღმზე, სახელმწიფო სტრუქტურის კუთვნილი ავტომობილი აფეთქდა, იმავე დღეს ნაღმზე აფეთქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი სატვირთო მანქანაც, ორივე აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ტერიტორიის დანაღმვის შესახებ ბაქოს ბრალდებებს, ერევანი უარყოფს. სომხური მხარე ბაქოს, მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით, საარტილერიო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის სამხედრო და საგარეო უწყებების განცხადებებში ნათქვამია, რომ ოპერაცია მანამდე გაგრძელდება ვიდრე ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხურ შეიარაღებულ სამხედრო დანაყოფებს სრულად არ გაანადგურებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი, ბაქოს პასუხობს, რომ მთიან ყარაბაღში, სომხეთის შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან. მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციის შესახებ, აზერბაიჯანმა, ანკარას და მოსკოვს ინფორმაცია მიაწოდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საერთაშორისო პარტნიორებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მიმართავს, აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად, მკაფიო ნაბიჯები გადადგან.
