უკრაინის სარჩელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში
უკრაინამ ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცაიში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. კიევი პოლონეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს, საკუთარ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო უჩივის. ოფიციალურ ვარშავასა და ბრატისლავაში აცხადებენ რომ, სარჩელის მიუხედავად, აკრძალვის მოხსნას ჯერ არ გეგმავენ. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ამით პოლონელი ფერმერების ინტერესებს იცავენ და სასოფლო სამეურნეო ბაზრის გადარჩენას ცდილობენ. სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი კი აცხადებს, რომ აკრძალვის გაუქმებას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა თავისი სასურსათო პროდუქტის ექსპორტზე კონტროლის ეფექტურ მექანიზმებს დანერგავს.
