ვითარება ფრონტის ხაზზე - აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა კლეშევკის მიმართულებით წინ წაიწიეს. მძიმე ბრძოლებია სამხრეთის ფრონტზეც. უკრაინელები კონტრშეტევას სოფელ რაბოტინოს სამხრეთ ნაწილში განაგრძობენ. რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით კიდევ ერთხელ შეუტიეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოკუპანტთა სამიზნე საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. სამის მდგომარეობა მძიმეა. რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელებმა სევასტოპოლი დაბომბეს. სარაკეტო დარტყმები კილინ-ბალკის რაიონზე განხორციელდა. ხანძარი გაუჩნდა გემების შემკეთებელ ქარხანას. ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.
