ავარია ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე
იაპონია ფუკუშიმას ბირთვული სადგურიდან გაფილტრული რადიოაქტიური სითხის ოკეანეში ჩაღვრას 24 აგვისტოდან დაიწყებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროცესი 24 აგვისტოს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ამისთვის შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობები იქნება. საუბარია ბირთვული რეაქტორის გასაგრილებლად გამოყენებულ მილიონ ტონა წყალზე. იაპონიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროცესი გარემოსთვის უსაფრთხოა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გეგმას მწვანე შუქი რამდენიმე კვირის წინ აუნთო. სააგენტოს დასკვნის მიუხედავად, რეგიონში მცხოვრები მეთევზეები შიშობენ, რომ რადიოაქტიური წყლის ჩაღვრა მათ საქმიანობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. იაპონიის გეგმას ეწინააღმდეგება მეზობელი ჩინეთიც.
