„Do It in Georgia“
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პროექტის „Do It in Georgia“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოში მომუშავე IT კომპანიებისა და ტრენინგ პროვაიდერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი იყო ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც გააერთიანებს სამინისტროს მიერ ინიცირებულ ყველა საგანმანათლებლო და სატრენინგო მიმართულებას. განთავსდება ინფორმაცია გადამზადების პროგრამაზეც, რომელიც 5 000 დამწყები IT სპეციალისტის გადამზადებას ითვალისწინებს. პროგრამა მსმენელთა მიღებას სექტემბერში დაიწყებს. პლატფორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.
