გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა
შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად დასკვნაზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. უწყება მაღალი ხარისხის სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებას, რომელიც მოყვანილია სააგენტოს პირველად დასკვნაში. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სატელიტური მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასები არ დაგუბებულა. მათივე ინფორმაციით, სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოში, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგური ფუნქციონირებს. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთი მასშტაბის სტიქიის წინასწარ პროგნოზირება, პრაქტიკულად შეუძლებელია.
