ვითარება შოვში
მე-8 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს. მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შესაძლებელია ადამიანები მოყოლილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრია კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზა. სტიქიის ზონაში, აქამდე მიუვალ ადგილებში გუშინ დამატებითი დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც. მაშველებმა ორ სხვადასხვა ადგილას გუშინ კიდევ 2 ცხედარი იპოვეს. ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, იდენტიფიცირებული მათგან მხოლოდ 17-ია. 12-ის მოსაძიებლად კი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
