მამუკა მდინარაძის განცხადება
„7 აგვისტო - პირველად თარიღი შემოტანილ იქნა რუსების მიერ, შესწორების სახით, რეზოლუციაში, რომელსაც სამწუხაროდ მხარი დაუჭირა ქართულმა დელეგაციამ - ეს იყო დანაშაულებრივი მხარდაჭერა“, - ეს განცხადება დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის მოვლენების შეფასებისას გააკეთა. მამუკა მდინარაძის ამ კომენტარს გამოცემა „ფაქტ ჩეკმა“ მცდარი უწოდა და ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა, რასაც მოგვიანებით მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მდინარაძემ დაწერა, რომ „რუსეთ-საქართველოს ომის თარიღად 7 აგვისტოს დასახელება ყველა ინფორმაციით, იყო რუსული მხარის ინიციატივა“. შეგახსენებთ, საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში 2008 წელს გაკეთებულ ჩანაწერზე, რომელსაც მაშინ მხარი დაუჭირეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
