15 წელი აგვისტოს ომიდან
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. მათ 2008 წელს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს მიუსამძიმრეს და აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრას არ დაუპირისპირდა საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი პოლიტიკა და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ომია ევროპის შუაგულში. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომის მოვლენების შეფასებისას ქართველი ჯარისკაცების გმირობაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ. ომიდან 15 წლის შემდეგ აქტუალობას არ კარგავს 2008 წელს ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია. მედიის მხრიდან კითხვები დოკუმენტის შესახებ დღესაც დაისვა.
