აგვისტოს ომის გმირები
გორში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მდებარე აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. შეკრებილმა მოქალაქეებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს მძიმე დღეები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფელბის წარმომადგენლებმა ქუთაისში, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს სისხლიანი დღეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა. ზუგდიდში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. ცენტრალურ პარკში, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები და აგვისტოს ომის სისხლიანი მოვლენები. 2008 წლის აგვისტოს ომს სამეგრელოს რეგიონიდან 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს რუსთავში და 15 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები გაიხსენეს. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვიტოში, რუსთაველი ჯარისაკაციები- კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი და უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაიღუპნენ. მათგან ოთხი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.