ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება
„ევროპის საბჭო ადასტურებს ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში. ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო წარმომადგენლობას რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. ბურიჩის განცხადებით, ევროპის საბჭო მტკიცედ ერთგულია ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. „როგორც სახელმწიფო, რომელიც ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება, გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
