გეოლოგის განმარტება რადარების ხმოვან სისტემაზე
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ იყო დამონტაჟებული შოვში რადარების ხმოვანი სისტემა, რომელიც სტიქიური უბედურების დროს მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 60% მთიან რელიეფს შეადგენს და საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი პროცესებია განვითარებული, ქვეყნის რადარული მონიტორინგის სისტემით სრულად მოცვას კოლოსალური თანხა დასჭირდება. მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, საქართველოში 50 000-ზე მეტი მეწყრული უბანი და 3 000 ღვარცოფული წყალსადინარია, რომელთაგან ყველა აქტიურ დინამიკაშია. ამასთან ერთად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ დღეისათვის საქართველოში 300-მდე ჰიდროლოგიურ-მეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონიტორინგის სადგური ფუნქციონირებს.
