ტრაგედია რაჭაში
შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო. „სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ქვეყანას სამძიმარს უცხადებს საფრანგეთის საელჩოც. დიპლომატიური წარმომადგენლობა, მწუხარებას გამოთქვამს, დამანგრეველი მეწყრის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ და მხარდაჭერას უცხადებს სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს. განცხადება გაავრცელა ირლანდიის საელჩომაც. „გამოვთქვამთ იმედს, რომ მიმდინარე სამაშველო სამუშაოები უზრუნველყოფს უგზო-უკვლოდ დაკარგულების სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულების მოძებნა უახლოეს ხანში მოხდება“ - ეს კი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კი ქართულად წერს საკუთარ ტვიტერზე - „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია მის განცხადებაში. „ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით. გარდაცვილლების ოჯახებს უსამძიმრებს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, – წერს მინისტრი იან ლიპავსკი.