შოვში სამაშველო სამუშაოების დროს ტყეში ნაპოვნი რამდენიმე ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. 50 დამსვენებელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
შოვში სამაშველო სამუშაოების დროს მაშველების მიერ ტყეში ნაპოვნი რამდენიმე ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შედეგადაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია სტიქიის ზონიდან, 152 ადამიანი კი რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფება უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. მინისტრის ინფორმაციით, ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ.
„ხვალ დაგეგმილია უკვე მათი გამოყვანა. ამავდროულად, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს.
ადგილზე 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული და 152 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. 50 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
