ზაზა შათირიშვილის წერილი
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება და დარღვეული პირობები. მოსკოვის გზავნილის პარალელურად, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სლოვენია კატეგორიულად ითხოვენ, ევროკავშირში უკრაინული ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა გახანგრძლივდეს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაკეთებულ განცხადებებს და უკრაინული ხორბლის ექსპორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილში აფასებს. „ის ფაქტი, რომ უკრაინული ხორბლის ექსპორტი რუსეთისა და დასავლეთის მიერ ორმხრივ ბლოკადაშია მოქცეული, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება“,- წერს შათირიშვილი და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ქვეყანას, ერთი მხრივ, სამხედრო კუთხით ეხმარებოდე და მეორე მხრივ, ეკონომიკურ სანქციებს უწესებდე. ტექსტში საუბარია დასავლეთის სამხედრო დახმარებაზეც. აქვე გეტყვით, რომ მარცვლეულით დატვირთული ბოლო ხომალდი უკრაინის ქალაქ ოდესის პორტიდან 16 ივლისს გამოვიდა. ამით დასრულდა გარიგება, რომელსაც შარშან ივლისში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „იმედის შუქურა” უწოდა. გაეროს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინამ თითქმის 33 მილიონი ტონა მარცვლეული გაყიდა.
