შუალედური და რიგგარეშე არჩევნები
პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის იქნება.
