სოზარ სუბარის ინიციატივა
„ქართული ოცნების“ რიგებიდან წასული სოზარ სუბარი კი ინიციატივით გამოდის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლა დაიწყოს. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. ციტატა - „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია“,- ვკითხულობთ განცხადებაში სადაც ასევე ნათქვამია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც. აქედან გამომდინარე სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ პარლამენტში უნდა დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.