საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა - სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა
სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩინეთში გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ. მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
